კომპანიის”კუმპა” დამფუძნებელია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარმ მიქელაძე. თამარი რამდენიმე პროფესიას ფლობს, და განათლების გარდა ასევე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობასაც მისდევს. ის ქმნის ეკოლოგიურად სუფთა საპონს. ბრენდის ხარისხის მთავარი საიდუმლო, მის შემადგენლობაში არსებული ბუნებრივი ინგრედიენტებია. თითოეული სახეობა ორიგინალური რეცეპტით მზადდება. კუმპას რეგულარული გამოყენებისას კანი ახალგაზრდავდება და ხდება ჯანსაღი. “კუმპა” ასევე მუშაობს თმის სიჯანსაღეზე. კუმპას საპნის “მყარი შამპუნები” თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა. კუმპა – ეს ბუნებასთან სიახლოვეა.
თამარ მიქელაძე პროფესიით ლექტორია და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, როგორც თავად ამბობს „ ჩვენს ქვეყანაში პროფესორები ისეთ ხელფასს არ იღებენ, რომ დასჯერდნენ ერთ სამსახურს. ვიცი რომ უამრავი ჩემი კოლეგა თელავშიც და თბილისშიც დამატებით სხვა სამსახურებში მუშაობენ და კიდევ ეძებენ სხვა სამუშაოსაც. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე რომ ფერები მჭირდებოდა ცხოვრებაში – და გაიღვიძეს ჩემში ახალმა “მე-ებმა”. ვმუშაობ თექაზე, ვხატავ ზეთის საღებავებით (თვითნასწავლი), ვამზადება ხელნაკეთ საპნებს. და ჩემი ერთი დღე არის ამ ყველაფრის კომბინაცია.
დღეს ღვინის კუმპა (ძვ. ქართულად “საპონი”) უნდა გავაკეთო. ჯერ ვიწყებ რეცეპტზე მუშაობას. ვამოწმებ მაჩვენებლებს და შემადგენლობას. შემდეგ ვწონი სხვადასხვა ზეთებს, პარფიუმერულ ზეთებს, ინგრედიენტებს. ძალიან მიყვარს ეს სასიამოვნო პროცესი.
ამ დროს სულ იმაზე ვფიქრობ თუ როგორ მოეწონებათ ეს ახალი რეცეპტი ჩემს მომხმარებლებს. გადავწყვიტე დავამზადო ორიგინალური საპონი, წითელი და თეთრი ღვინის საპნის მასალა ფენებად უნდა დავადო ერთმანეთს (აქამდე მარტო წითელი ღვინის საპონი მქონდა). ეს უფრო შრომატევადია, სამაგიეროდ უფრო ლამაზი იქნება და ეფექტიც მეტია. ამის შემდეგ ვალაგებ ჩემს ლაბორატორიას და გადავინაცვლებ სამზარეულოში, სადაც უკვე სხვა როლი მაქვს – დიასახლისის. მაგრამ, სულ ჩემი საქმიანობის ირგვლივ ტრიალებს ფიქრები“

ქალბატონი თამარი ასოციაციის“ქალი და ბიზნესი“ წევრია და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროგრამებსა და გამოფენებში.