საქართველოს ასოციაციამ „ქალი და ბიზნესი” საქმიანობა დაიწყო სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარება დაიძაბა – (ახალდამთავრებული სამოქალაქო ომი და
შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან) და ქვეყანა,
მნიშნელოვანი მატერიალური ზარალისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ნაკადების გამო,
მწვავე გამოწვევების წინაშე დადგა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ ქალები და
გოგონები. სწორედ მათ დასახმარებლად, 1993 წელს შეიქმნა ქალთა მცირე სამუშაო ჯგუფი, რომელიც
აერთიანებდა, როგორც სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულ ქალებს, ასევე მშვიდობის და ადამიანის
უფლებათა დამცველებს და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთაც მიზნად
დაისახეს მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ქალთა ჩართულობის
გააქტიურების მხარდაჭერა მშვიდობის შენების, მოლაპარაკებების და კონფლიქტების პრევენციის
პროცესებში, მათი ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი თვითკმარობის უზრუნველყოფის
მიღწევისათვის.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე გაჩნდა ინიციატივა და მოთხოვნა ოფიციალური ორგანიზაციის
დაფუძნების შესახებ, რომელიც დაეხმარებოდა ქალებს პროფესიული ცოდნის მიღების, უნარებისა
და კომპეტენციების განვითარებასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში, ხელს შეუწყობდა ახალი
პროფესიული სტანდარტების დანერგვასა და ბაზარზე დამკვიდრებაში.
ასე შეიქმნა ასოციაცია “ქალი და ბიზნესი“ – ერთ-ერთი პირველი ქალთა ბიზნესორგანიზაცია,
რომელიც წარმოადგენსბიზნესშიდასაქმებულ ქალთა ინტერესს სხვადასხვა ინდუსტრიაში და
დაფუძნების დღიდან მიზანმიმართულად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ
განვითარებაში წვლილის შესატანად, ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის.

1998 წელს ასოციაციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების, ნაყოფიერი
თანამშრომლობისა და განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგად, მიენიჭა
საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსი. იგი არის არასამეწარმეო, არაკომერციული ბიზნეს
ორგანიზაცია.