შრომითი მიგრაცია და რეინტეგრაციის პრობლემები საქართველოში

შრომითი მიგრაცია რთული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა ,რომელიც დაკავშირებულია სამუშაო ძალის მიწოდების დინამიკასთან,რადგან მიგრაციული პროცესებით ძირითადად მოცულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. საქართველოში შრომითი მიგრაცია მოსახლეობის ფიზიკური არსებობის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, რაც ეკონომიკური სიდუხჭირითაა გამოწვეული და პირდაპირ კავშირშია უმუშევრობასა და სიღატაკესთან.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) ანგარიშებში ხაზგასმითაა აღნიშნული ,რომ მსოფლიო მალე გამალებული ტემპებით მიმდინარე მიგრაციით გამოწვეული მოულოდნელი შედეგების წინაშე აღმოჩნდება,თუ სახელმწიფოებმა დროული და მიზანდასახული ერთობლივი ძალისხმევა არ მიმართეს მიგრაციის სფეროს პოლიტიკის შემუშავების მიზნით. თანამედროვე ეტაპზე დემოგრაფიული ცვლილებები,ეკონომიკური საჭიროებები,თუ გარემოს ცვლილებებით გამოწვეული გავლენა შეუქცევადად გამოიწვევს შრომით მიგრანტთა რაოდენობის ზრდას.